
ტრაგედია დატრიალდა ქობულეთი – ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ავარიის დროს ავტობუსში იმყოფებოდნენ. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულები სამხედროები არიან.
“დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
დაშავებულია სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ის კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია



