
თბილისში მომხდარ უმძიმესი მკვლელობის დეტალებს სამართალდამცავები იძიებენ. დედის და ძმის მკვლელობაში ბრალდებული, 55 წლის დავით რატიანი უკვე დაკავებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. სასამართლომაც უკვე იმსჯელა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. დავით რატიანს დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი და რატომ გაიმეტა ბრალდებულმა საკუთარი დედა და ძმა სასიკვდილოდ, ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის. არც ბრალდებულის ადვოკატი ირაკლი ბენია საუბრობს რაიმე კონკრეტულზე, მისი დასაცავი დეტალებზე არ საუბრობს.
“მკვლელობის ირგვლივ ვერაფერს გეტყვით. ბრალი წარედგინა დაკავებულს, ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და საუბარიც კი უჭირს ამ თემაზე. ძნელად აღიქვამს მოვლენებს. გაეცნო ბრალდების შესახებ დადგენილებას, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია. ბრალთან მიმართებაში არც ჩემთან და არც სასამართლო პროცესზე უთქვამს რამე. უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. საერთოდ არაფერს ამბობს, არ სურს ამ თემაზე საუბარი…
როგორც ჩემთვის ცნობილია, 112-ში თვითონ დარეკა, გამოიძახა სასწრაფო, რადგან ხელზე თვითდაზიანება ჰქონდა. ამის შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, შემდეგ პოლიცია და სავარაუდოდ, ნახეს სახლში გარდაცვლილები. რაც შეეხება დაკავებას – მისი დაკავება პოლიციის სამმართველოში მოხდა. პოლიციას თავად არ ჩაბარებია. ბრალდებულს კვირას, 22 მარტს შეეფარდა პატიმრობა”, – განაცხადა ადვოკატმა.
“კვირის პალიტრასთან” საუბრისას ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
“პარასკევს, 20 მარტს მოხდა ეს მძიმე ფაქტი. ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის რამდენჯერმე მკურნალობდა და როგორც ვიცი, კლინიკაშიც არის ნამყოფი”, – ამბობს მოქალაქე.
ამ ინფორმაციის დაზუსტება ვცადეთ ბრალდებულის ადვოკატთან, თუმცა ირაკლი ბენიამ გვითხრა, რომ ინფორმაცია არ აქვს.
“ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. ამას ექსპერტები დაადგენენ”, – თქვა ადვოკატმა.
მკვლელობის გარემოებებზე საუბარი უჭირთ რატიანების მეზობლებს. მათი ვარაუდით, დავით რატიანმა მძინარე დედას დანა ჩაარტყა, ძმას კი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 112-ში თავად დარეკა და სასწრაფო დახმარება ითხოვა. ოპერატორს უთხრა, რომ ხელი დაიზიანა.
“ხანდაზმული იყო დედამისი, რომელსაც შვილები უვლიდნენ. სულ სახლში იყო ეს ქალბატონი. იმ დღეს ხმაური არ გამიგია. დილას გავიგე, რაც მოხდა. სასწრაფო რომ მოვიდა, ვიფიქრე, ბიჭების დედას გამოუძახეს, რადგან ავად იყო. კონფლიქტის შესახებ არაფერი გამიგია. ახლაც შოკში ვარ, არც ხმაური გამიგია და არც რაიმე სახის დაპირისპირების შესახებ ვიცი. პოლიციელები რომ დავინახეთ, მაშინ გავიგეთ, რომ დავითმა დედა და ძმა მოკლა. დედა მწოლიარე იყო, მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა”, – აღნშინა მეზობელი.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ. სავარაუდოდ, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება თავად ბრალდებულს.
“კვირის პალიტრა”



