ახალი ამბები

სისხლიანი გარჩევა მცირეწლოვნების თვალწინ – რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სკვერში

ნაძალადევის რაიონში ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა – ადგილზე პირველებს უყვებიან, რომ საბავშვო სკვერის სიახლოვეს მალევე გაიგეს გასროლის ხმაც – ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ. ჩხუბი სკოლასთან ახლოს საღამოს რვა საათისთვის დაიწყო.

ადგილი, რომელიც წესით ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცე უნდა ყოფილიყო, კრიმინალური გარჩევის ადგილად იქცა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლის დროს ადგილზე არა ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, სროლას პანიკა მოჰყვა და შეშინებულმა მშობლებმა ბავშვები ადგილიდან გაიყვანეს.

არასრულწლოვნებს შორის დაწყებული ანგარიშსწორება საბავშვო სკვერში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლის შედეგად ერთ-ერთ პირს, რომელიც ჯგუფურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ანასხლეტი მოხვდა. იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში მცირე დაზიანებებით გადაიყვანა.

ხელჩართული ჩხუბის არც ერთი მონაწილე ამ დრომდე დაკავებული არ არის. „პირველების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული ყავს ის პირები, რომლებიც უმისამართოდ ისროდნენ. ადგილობრივებმა არ იციან დაპირისპირების მონაწილეები ადგილობრივები იყვნენ თუ არა.

Back to top button