„მოიპარეს ჩემი გოგონა, ამ დღეებში მისთვის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა” – რას ჰყვება მამა 13 წლის მოზარდზე, რომელიც 16 წლის ბიჭთან ერთად გაუჩინარდა
ამ დრომდე ეძებენ იორმუღანლოდან დაკარგულ ორ მოზარდს. 13 წლის გოგონა და 16 წლის ბიჭი 28 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს. სოფელში ამბობენ, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ და ისინი ოჯახის შექმნის მიზნით გაიპარნენ. გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მათ შვილს გათხოვება არ უნდოდა და შესაძლოა, ის მოიტაცეს.
ცნობილია, რომ გუშინ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ბიჭის მამა და ბიძა დააკავა.
მოზარდების დაკარგვის ფაქტზე გამოძიება 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
„ჩემი გოგონა ოთხი დღეა მოპარულია, პოლიცია ეძებს. ბიჭის ოჯახი ჩემი მეზობლები არიან, დღეს გავიგე, რომ მამა და ბიძაც დაჭერილები არიან. მე 13 წელია ყაზახეთში ვარ, ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე. თბილისში ბინა გვაქვს და ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს.
იორმუღანლოს სკოლაში დადიოდა ჩემი გოგონა, მაგრამ წელს თვალების პრობლემები აქვს, ერთ თვალზე ოპერაცია გავუკეთეთ, მეორე თვალზე ამ დღეებში უნდა გაგვეკეთებინა ოპერაცია, საბუთებს ველოდებოდი. ვერ სწავლობს, კითხვა უჭირს და ექიმებმა მითხრეს, რომ წელს არ წასულიყო სკოლაში. ბავშვი სათვალეს ატარებს. ვეუბნებოდი, ქართული კარგად ისწავლე და მეორე წლიდან თბილისის სკოლაში გადაგიყვან-მეთქი. ამიტომ ბავშვს წელს სკოლაში არ უვლია და თბილისში იყო. რამდენიმე დღის წინ, იორმუღანლოში ჩავიდნენ ჩემი ბიჭი, მეუღლე და გოგონა, შარშან ბიძაშვილი დამეღუპა და ერთი წლისთავი იყო. იმ ღამეს მოიპარეს ჩემი გოგონა.
13 წლის ბავშვმა რა იცის სიყვარულის?! ძალიან სუსტი ბავშვია, ყველაფრის ეშინოდა და კანკალებდა, სხვანაირი ბავშვია. ეს ამბავი რომ მოხდა, მე ყაზახეთში ვიყავი, იმ ბიჭის მამას დავურეკე და ვუთხარი, წაიყვანეთ ჩემი გოგო და უკან მიიყვანეთ, 18 წლამდე იყოს ოჯახში და თუ უყვართ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ-მეთქი, დამთანხმდა მამამისი და მერე რა მოხდა, არ ვიცი. ვეუბნები, ტელეფონით მაინც დამალაპარაკეთ, რომ მითხრას, ცოცხალი ვარ მამა, არ არის ბავშვი.
სათვალე ჰქონდა დაკარგული და მთელი ოჯახი ეძებდა. დედას უთხრა, აბანოში შევალ, შეიძლება იქ დამრჩაო, ეზოში გავიდა და ასე უცებ რა მოხდა, არ ვიცი. არავის არ დაუნახავს. მე ახლა თბილისში ვარ, ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მამა და ბიძა დაჭერილები არიან.
სამი თვის წინ ყაზახეთიდან რომ ჩამოვედი, ორი კაცი მოვიდა ჩემთან თბილისში. მითხრეს, შენი გოგო გვინდა ჩემი ძმის შვილისთვისო. ვუთხარი, მოშორდით აქედან, მეორედ ასეთი რამე აღარ მითხრათ-მეთქი, გაუკვირდათ, რატომო, ვუთხარი, გოგო კი არა, ბალღია ჩემი შვილი, წადით, მოშორდით აქედან. იმის შემდეგ არაფერი აღარ ყოფილა. სოფელშიც ვიყავი ჩასული, ბიძა დავინახე, მითხრა, რატომ არ მოგვეცი შენი გოგონაო, ვუთხარი, დაამთავრეთ ლაპარაკი-მეთქი.
არ ვიცნობ ამ ბიჭს, 13 წელია ყაზახეთში ვცხოვრობ, რომ ჩამოვდივარ ძირითადად თბილისში ვარ, სოფელში ორი დღით თუ ჩავდივარ. მთელი საგარეჯო, თელავი, პოლიციელები არ გაჩერებულან. დღე და ღამე ეძებენ, ფერმებშიც კი, მაგრამ არსად არ არიან. მამამ იცის, დედამაც მე მგონი”, – ამბობს გოგონას მამა.
წყარო: ambebi.ge