ვინ მოწმინდა სახლში სისხლიანი იატაკი? შეხვდნენ თუ არა სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ოთო ცინდელიანს ბებია და დეიდა და უამბო თუ არა მან მკვლელობის შესახებ?
სასტიკი მკვლელობა მოხდა გასულ კვირას სოფელ წინუბანში. 28 თებერვლის დილას განგაში იქაურმა მამაკაცმა ატეხა და საშველად მეზობლებს მას შემდეგ უხმო, რაც მისი საამქროს მიმდებარედ, თხრილში, გოგონას ცხედარი იპოვა. მის დაძახილზე პირველი ქეთევან ჯავახიშვილის მამა, კობა მივიდა. გოგონას ცხედარი მისი სახლიდან 50 მეტრის მოშორებით იპოვეს. მან მოჰკიდა ხელი პირქვე დამხობილ გოგონას, რომელიც, საუბედუროდ, მისი ქალიშვილი აღმოჩნდა. ცხედარს ხელები მავთულით ჰქონდა უკან შეკრული და ზემოდან ქვები ეყარა… უკვე ცნობილია, რომ 21 წლის ოთარ ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დღეს ჩამოვიდა ჭუბერიდან თბილისში ქეთევან ჯავახიშვილთან შესახვედრად. ის ჯერ ბებიის სახლში მივიდა, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობს, მერე გოგონას მესიჯები მისწერა და გვიან ღამით შეხვედრა მოსთხოვა.
გამოძიების ინფიორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი ბებიის სახლში დაბრუნდა, სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა, სისხლიანი ქურთუკი იქვე დატოვა, შარვალი კი სახლის ახლოს გადააგდო. სწორედ მისი ბებიის ბინიდან აქვს გამოძიებას ამოღებული დანაშაულის იარაღი, დანა და სისხლიანი ქურთუკი. მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკისას იპოვეს სისხლით გაჟღენთილი შარვალიც. როგორც პროკურორი ამბობს, ბებიის სახლში სისხლის ლაქების კვალიც იპოვეს, რომელიც უკვე მოწმენდილი იყო. საინტერესოა, შინ დაბრუნებული დამნაშავე ნახეს თუ არა ოჯახის წევრებმა, ბებიამ და დეიდამ? ვინ მოწმინდა სისხლიანი იატაკი? შეხვდნენ თუ არა სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ოთო ცინდელიანს და უამბო თუ არა მკვლელობის ამბავი? ჯერ უცნობია, რა ჩვენება მისცეს მათ გამოძიებას. ოთარ ცინდელიანის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან. ბებიამისმა მხოლოდ ის თქვა, რომ მისი შვილიშვილი ჭუბერიდან ჩამოვიდა. მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ოთარ ცინდელიანი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. “მას ბრალდება სს კოდექსის 109-ე მუხლის თ) და მ) ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ გაიმეტა დამნაშავემ გოგონა. ერთი ვერსიით, ბრალდებულს ის უყვარდა, მაგრამ გოგონა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო… მეორე ვერსიით, გოგონას ის ნარკოტიკისთვის ფულს სძალავდა და უარის გამო გაუსწორდა ასე სასტიკად.
ქეთი ჯავახიშვილის ოჯახში 5 ბავშვი – 3 გოგონა და ორი ბიჭი გაზარდეს. ქეთი უფროსი შვილი იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, ჯავახიშვილების ოჯახი ესპანეთში იყო საცხოვრებლად წასული და ერთი წელია, რაც დაბრუნდნენ. ესპანეთში იყო ბრალდებული ოთარ ცინდელიანიც. მისი დედა წლებია ემიგრაციაშია. ამ ოჯახებს ერთმანეთთან ნათელმირონობა აკავშირებთ. ცინდელიანის მშობლები დიდი ხანია გაშორებული არიან, ბრალდებულს ბებია ზრდიდა. ქეთი ჯავახიშვილი და ოთარ ცინდელიანი მარტყოფის საჯარო სკოლაში თანაკლასელები იყვნენ. ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონიათ. მეზობლების ვარაუდით, ბიჭს ქეთი შეუყვარდა, მაგრამ ეტყობა ნათელმირონობის გამო გოგონა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
ჩვენ კიდევ ერთ ნათესავს გავესაუბრეთ: “ახლა რომ უფიქრდება ოჯახი, გოგონას სულიერი მდგომარეობა აშკარად სხვანაირი იყო. ეტყობა, ქეთი ვერ უმხელდა დედას თავის გასაჭირს. ბოლო დროს ნაკლებად საუბრობდაო, აშკარად იყო წინა პირობა, ეტყობა, ცინდელიანი აშინებდა, აშანტაჟებდა. ეს ტრაგედია აუცილებლად უნდა გახდეს დიდი ხმაურის მიზეზი, რათა სხვა დედებიც ასე არ გამწარდნენ. ამას ერთადერთი კანონი შეაჩერებს. უდიდესი მომავლის ქეთი მოგვიკლეს, უამრავი დიპლომი, სიგელი ჰქონდა. სულ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებაზე ფიქრობდა. რამდენი დედა უნდა გამწარდეს ვიღაც ნარკომანი, ავადმყოფი სადისტის გამო. ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ნათესსავმა.
“კვირის პალიტრა”