მეათეკლასელი იოსებ ადეიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში 29 იანვარს გავრცელდა. ბიჭი 4 დღით ადრე, 25 იანვარს დაიღუპა. 132-ე სკოლის მეათეკლასელი იოსები მუსიკით იყო გატაცებული, დადიოდა ფორტეპიანოზე და როგორც მამა, გრიგოლ ადეიშვილი ამბობს, თავადაც ქმნიდა „პატარ-პატარა კომპოზიციებს“:
იმ დღეს, როცა დაიღუპა, იოსები სწორედ ფორტეპიანოს გაკვეთილიდან ბრუნდებოდა, მეგობრებს შეხვდა და გზად „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე შეიარეს:
„ხუთი საათი იყო, დღის სინათლე, როგორც ბავშვები ამბობენ, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შევიდა იმ ტერიტორიაზე. არ ვიცი, ისედაც ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, უყვარდა ფოტოების გადაღება, შეიძლება, საინტერესოდ მოეჩვენა იქაურობა და უფრო ღრმადაც შევიდა და როგორც მეგობრებისგან ვიცი, სწორედ ამ დროს ჩავარდა რაღაც სიღრმეში.
თვითონ შენობაში – არა, უკანა მხრიდანო, რაღაც ლიფტის შახტივით იყოო, შიგნით წყალი ესხა ისე, თითქოს ასფალტი იყოო. შევიდა შიგნით, ეგონა, რომ მიწა იყო და ჩავარდაო. როცა იყვირა, მიცვივდნენ ბავშვები, სცადეს ამოყვანა, დაუწყიათ ყვირილი, ბიჭი იხრჩობაო, მაგრამ იქ ვიღაცებს უთქვამთ, მძღოლები ყოფილან, ჩვენი საქმე არ არის, 112-ში დარეკეთო.
როგორც ბავშვები ჰყვებიან, რამდენიმე წუთი ხელებით ეჭირათ. მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო დამძიმდაო. კიდევ ვიღაც ტურისტი მისულა, ისიც ეხმარებოდა. ქურთუკი ეცვა, როგორც ჩანს, წყლით გაიჟღინთა. ბავშვი თავად 60 კილო მაინც იქნებოდა, ის ქურთუკიც რომ დასველდა, ალბათ ვეღარ დაიჭირეს ბავშვებმა ასეთი სიმძიმე.
პოლიცია ვინ გამოიძახა, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ბავშვებმა, შეიძლება სხვამ. პოლიციის მისვლასაც ხომ დრო დასჭირდა. ბიჭები ყვებიან, სანამ პოლიცია მოვიდა, გაგვეშვა ხელები და ჩავარდაო. ერთ-ერთ ბიჭს სულ დაკაწრული აქვს ხელები, რომ ეჭიდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ დაეკაწრა“, – განუცხადა “რადიო თავისუფლებას” გრიგოლ ადეიშვილი.
16 წლის ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ მეგობრები, რომლებიც მათ შვილს ახლდნენ თან, მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში არიან:
„ერთ-ერთი მეგობარი, ღამე ყვირილით იღვიძებს, „ჩამეჭიდე, იოსკა, ჩამეჭიდე“, ასე ყვირის, ძალიან რთულ მდგომარეობაშია“, – უთხრა “რადიო თავისუფლებას” დაღუპული ბიჭის დედა.
გრიგოლ ადეიშვილის თქმით, მისი შვილი წყლით სავსე სიღრმიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს.