ახალი ამბები

რას წერს ხობში დაღუპული დედა-შვილის ახლობელი? როგორ მოხდა ტრაგედია.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის, ელენე სახეიშვილის ცხედარი იპოვეს.

“ჩემს თვალწინ გაიზარდე ელე. დუტო, დუტო, დუტოლას მეძახდი პატარა რომ იყავი. ცურვაც იქ ისწავლე, სადაც დაასრულე ყველაფერი ხორციელი ცხოვრებიდან. ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე… ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს… ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…”- წერს დაღუპული დედა-შვილის ახლობელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა.

ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს და მდინარიდან ამოასვენეს, ხოლო დედის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში და დღესაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. სამძებრო სამუშაოში ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

Back to top button