ახალი ამბები

რას გულისხმობს გამოსაცდელი ვადა, რომელსაც ახალბედა მძღოლებს უწესებენ – საყურადღება ინფორმაცია

საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გეგმა მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მათი შეფასებით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი ვადის დანერგვა იგეგმება.

როგორც საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტშია აღნიშნული, ამ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალბედა მძღოლებისთვის უფრო მკაცრი რეაგირების მექანიზმები იმოქმედებს, რაც მათი ქცევის კორექტირებას შეუწყობს ხელს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ახალბედა მძღოლები საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს წარმოადგენენ, იგეგმება მათთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა.

აღნიშნული პერიოდის ფარგლებში იგეგმება ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ დიფერენცირებული და უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გამოყენება, მათ შორის ფინანსური სანქციების გამკაცრებისა და მართვის მოწმობის ქულების გაზრდილი რაოდენობით ჩამოკლების გზით.

ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დამწყები მძღოლების ქცევის კორექტირებას, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და, საბოლოო ჯამში, მათი მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციას.

სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალბედა მძღოლების მხრიდან წარმოშობილი რისკების შემცირება. ამდენად, საკანონმდებლი ცვლილების პროექტის მომზადებამდე, სამოქმედო გეგმას დაემატება შესაბამისი კვლევის ჩატარების აქტივობა,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შუალედური და საბოლოო შეფასება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს.

შეფასების შუალედური ანგარიში მომზადდება 2029 წელს (არაუგვიანეს კალენდარული წლის ივნისის თვისა), ხოლო საბოლოო ანგარიში – 2031 წელს (არაუგვიანეს კალენდარული წლის ივნისის თვისა).

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 98 923 578 ლარს.

წყარო

Back to top button